აჭარის პედაგოგთა მეორე რეგიონულ კონფერენციაზე ,,სწავლების ახალი ტექნოლოგიები და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები" წარმოდგენილი მოხსენება
კრიტიკული-ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარება დისკუსიის მეთოდის გამოყენებით
ტექსტი: ნოდარ დუმბაძე „HELLADOS”
სკოლაში არსებული გარემო მოსწავლის სოციალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. ჩემი აზრით, პედაგოგმა წარმატებით უნდა გამოიყენოს ყველა ის სასწავლო მასალა, რომელიც დაეხმარება კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნაში.მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა დისკუსიის დროს შეუზღუდავად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.
დისკუსიას კეთილგანწყობილი და სანდო გარემო სჭირდება. შეფასებისას მთავარია არგუმენტების საფუძვლიანობა და არა მასწავლებლისა და მოსწავლის მოსაზრებათა თანხვედრა. ცხადია, დისკუსიაში მონაწილეობას გარკვეული გამოცდილება სჭირდება. მოსწავლე უნდა იცნობდეს დისკუსიის მიზნებს, ქცევის წესებსა და შეფასების სქემას. ყოველი დისკუსია მათ სძენს ახალ გამოცდილებას, ხდებიან უფრო გაბედული და დამოუკიდებლები, ეჩვევიან ქცევის წესების დაცვასა და სხვათა აზრის მოსმენა-გაანალიზებას. აუმჯობესებს ურთიერთპატივისცემას, გახსნილობას, თანაგანცდას, საკუთარი ემოციების მართვის უნარს. პრობლემური საკითხების დისკუსიებით გადაწყვეტა ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა.
შემოგთავაზებთ მე-7 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარებულ ერთ-ერთ დასკვნითგაკვეთილს.დისკუსიის თემა აქტუალურია თანამედროვე სკოლისთვის, ნაცნობი და საინტერესო ყველა მოსწავლისთვის.
ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „HELLADOS” ტექსტის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი სადისკუსიო თემა: „ბრძოლა პირველობისათვის, ანუ კონფლიქტები მოზარდებს შორის“. წინასწარვე დაიგეგმა როლური თამაში მოთხრობიდან (ბიჭები აგინებენ ერთმანეთს). მოსწავლეთა მონაწილეობით მომზადდა დისკუსიის შეფასების სქემაც.
1. დისკუსიაში მონაწილეობა და გააზრებული შეკითხვების დასმა (0-2)
2. აზრების შეუზღუდავად გამოთქმა და მოსაზრების არგუმენტირება (0-3)
3. სხვისი მოსაზრებების მოსმენა და კონსტრუქციული კრიტიკა (0-2)
4. დასკვნების გამოტანა, კრიტიკული თვითშეფასება (0-3)
მოსწავლეები დისკუსიის დროს სხედან ნახევარწრეზე, რაც საშუალებას გვაძლევს მე და ჩემს „ჟურნალისტ“ მოსწავლეს თითოეულთან გვქონდეს მეტი კონტაქტი. დაფაზე გამოკრულია სადისკუსიო თემა - ქვეთემებით.
„ბრძოლა პირველობისათვის, ანუ კონფლიქტები მოზარდებს შორის“
· კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები
· ქუჩა მოზარდების ცხოვრებაში
· უფროსების დამოკიდებულება მოზარდების პრობლემებზე
· პრობლემების მოგვარების გზები (სკოლის, ოჯახის, საზოგადოების, მეგობრების როლი)
ვირჩევ სტრუქტურულ-თემატური დისკუსიის ფორმას „მიკროფონი“, რომელიც მეხმარება დისკუსიის მშვიდად მართვაში. მოსწავლეები იცავენ შეთავაზებულ წესს: „ლაპარაკობს ის, ვისაც მიკროფონს გადასცემენ“. მოსწავლე „ჟურნალისტი“უფლებამოსილია პასუხის დაზუსტების მიზნით ჩაეძიოს „რესპოდენტს“, საჭიროებისას შევიდეს დებატებში.
მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ვუზუსტებ გაკვეთილის მიზნებს:
· ლიტერატურულ პერსონაჟზე სუბიექტური მოსაზრების ჩამოყალიბება, სიტუაციების შეფასება, დასკვნების გამოტანა
· საკუთარი აზრის დასაბუთება-არგუმენტირება
· ადეკვატურად, გამართულად, დამარწმუნებლად მეტყველება
· დისკუსიის, კამათის ხელოვნების თანდათანობით დაუფლება
აქტივობა 1-როლური თამაში.მოსწავლეები წარმოადგენენ ბიჭების დაპირისპირების სცენას (ჟარგონებით). აქტივობის მიზანია მოსწავლეთა გამოწვევა სადისკუსიოდ.
აქტივობა 2-დისკუსია. რამდენად გამართლებულად გეჩვენებათ ბიჭების დაპირისპირება? რას გამოხატავს მათ მეტყველებაში ჟარგონები და ვულგარიზმები? შეიძლება თუ არა მათი ურთიერთობა სხვაგვარად წარმართულიყო? როგორ?
მოსწავლეთა პასუხების მიხედვით ბიჭებს თუმცა გასაყოფი არაფერი აქვთ, მაინც ჩხუბობენ. თითოეულს პირველობა სურს, ცდილობენ თავი გამოიჩენონ თანატოლების თვალში, მათი მიზანი აღიარების მოპოვებაა. გინება ჩხუბის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნიათ,იმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ ქუჩურ სიტყვას გამოიყენებს.მოსწავლეები თვლიან, რომ მათი გინება არც ისე შეურაცხმყოფელია, დღესდღეობით უარეს სიტყვებს იყენებენ ბიჭები. ფიქრობენ, რომ ავტორი ცდილობს, მსუბუქად გადმოსცეს მათი დაპირისპირება. ჯემალის სიტყვები „მორჩი ლაზღანდარობას“, ჟარგონით ახლა ასე გამოითქმის: „მორჩი ღადაობას“. მათი დამეგობრება, ალბათ, იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი იანგული ჯემალის დაჩაგვრას არ მოინდომებდა, მაგრამ მაშინ „ყოჩიც“ ვერ იქნებოდა.
იმსჯელეს ქუჩის როლზე მოზარდების ცხოვრებაში. ისინი თვლიან, რომ ქუჩას უფრო მეტად ობოლი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული, უყურადღებოდ მიტოვებული ბავშვები ეტანებიან. მაგალითად: იანგულის დედა არ ჰყავდა, მამას მისთვის არ ეცალა, ამიტომ მოხვდა ქუჩაში. სხვათა აზრით, ჯემალს დეიდამისის გადამეტებული ყურადღებაც ქუჩისკენ უბიძგებს. „ერთი სული მქონდა, ბიჭებში გავრეულიყავი და იანგულის მსგავსად მეც ჩემი შნო და მარიფათი მეჩვენებინა“. თანატოლებში ქუჩაში გარევა, ცნობისმოყვარეობა, აღიარების სურვილი ყველა ბავშვს აქვს. იანგული ჯემალისთვის თავისუფალი ცხოვრების მაგალითი იყო, ამიტომაც არ უნდოდა სხვებივით მის ყურმოჭრილ მონად ყოფნა. უნდოდა ისიც იანგულის მსგავსად ეღიარებინათ. ზოგიერთების აზრით,ამის მიზეზი ცხოვრებაში განცდილი მარცხია. ზოგი სწავლას ვერ ახერხებს და მასწავლებლები გამუდმებით საყვედურობენ, ზოგისაც მშობლებს არ ესმით. უარს ეუბნებიან სპორტსკოლაში გაშვებაზე (ჯერ სწავლა გამოასწორეო), ზოგს შეიძლება სიყვარულზე უთხრან უარი. ჯემალისათვის დეიდასგან ზედმეტი ყურადღება მოსაწყენი იყო. მუსიკაზე ძალით ატარებდნენ, ანუ აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. ჯობია ის აკეთო, რაც შენ გინდა.[ეს საერთო აზრია]
ბავშვები კარგად იცნობენ ქუჩის უარყოფით გავლენას: სიგარეტის მოწევა, ჩხუბი, გინება, ქურდობა, სუსტების დაჩგვრა, ნარკოტიკიც კი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ქუჩა ცუდთან ერთად კარგ თვისებებსა და გამოცდილებას აძლევს მოზარდებს. მაგალითად: მატებს გაბედულებას, თავდაცვის უნარს, ასწავლის კარგისა და ცუდის გარჩევას. („აბა დედიკოს ბიჭი ხომ არ უნდა იყოს“- გოგონების პოზიცია). მათი აზრით, ჯემალი ვერასოდეს გახდებოდა აღიარებული, თუკი იანგულის ჩხუბში არ გაჰყვებოდა.მოსწონთ მისი გაბედულება.
მოზარდები გულისტკივილით საუბრობენ იმაზე, რომ უფროსებისგან ზედმეტი აკრძალვები აქვთ. ერთმანეთს ეთანხმებიან დეიდა ნინას შეფასებაში და კატეგორიულად უარყოფენ მის პოზიციას. „არ დაგინახო მაგასთან გავლილი, ხულიგანია, დღე და ღამე ქუჩაში გდია“. ისინი უსამართლობად თვლიან იანგულისადმი ამგვარ დამოკიდებულებას. „რას ნიშნავს გდია, ისე ლაპარაკობს, თითქოს ძაღლი იყოს“. სამაგიეროდ, იანგულის მამას მიიჩნევენ კეთილ ადამიანად, რადგან იანგულის თავისუფალ დროს არ უკონტროლებს.ასეთია მათი მოწონების კრიტერიუმი.
ზოგიერთი ამართლებს მშობლებს, რომლებიც შვილებს ხულიგან ბავშვებთან მეგობრობას უკრძალავენ. „ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“-იმარჯვებენ ანდაზას. არ მოსწონთ, რომ იანგული არ სწავლობს და ფიქრობენ, შესაძლოა იანგული კარგი მოსწავლეც ყოფილიყო. მოსწონთ მისი მორიდებულობა უფროსების მიმართ.
ყურადღებას ამახვილებენ იანგულის განცხადებაზე: „უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე...“ პირველობას, მათი აზრით, მოპოვება სჭირდება, ისე არავინ გაღიარებს. იანგული მართალია, თბილისელ ბიჭს არ უნდა დაუთმოს პირველობა სოხუმში. კონტარგუმენტი ასეთია: ჯემალი ქართველია, იანგული ბერძენი მემწვანილის შვილი. გამოიკვეთა დისკრიმინაციული განწყობა, თუმცა გოგონებმა გააბათილეს მათი არგუმენტები: მნიშვნელობა არ აქვს ქართველია თუ ბერძენი, ქართველზე მეტად ყვარებია საქართველო, სოხუმი. ზოგი ფიქრობს, რომ ჯემალი მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობს, თავს არავის აჩაგვრინებს. სხვები კი თვლიან, რომ ჯემალსაც პირველობა უნდოდა, რადგან შეთავაზებაზე, მეორე ყოჩი ყოფილიყო, უარი თქვა. დასკვნა ასეთია: პირველობა ყველას უნდა.
მოსწავლეებმა იკამათეს იმ მიზეზებზე, რაც ხშირადიწვევს კონფლიქტებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად ჩათვალეს ლიდერობისთვის ბრძოლა.კითხვაზე, რაში სჭირდებათ ბავშვებს ლიდერობა, ან სხვა ფორმით შეიძლება თუ არა მისი მოპოვება, უმეტესობის პასუხია: ლიდერს ყველა ემორჩილება, განსაკუთრებით გოგონებს მოსწონთ ლიდერი ბიჭები. თანხმდებიან იმაზე, რომ ლიდერობის მოპოვება შეიძლება კარგი სწავლითაც, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში წარმატებით, თუმცა ეს ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ჩხუბი, გინება, შატალო, მასწავლებლის გაბრაზება. დამაზუსტებელ კითხვაზე, ე.ი. სუსტი, უუნარო ბიჭები ეძებენ აღიარების იოლ გზას? ნაწილმა დუმილი ამჯობინა, ნაწილი კი კითხვას ეთანხმება. „ხელმოცარულებს უნდათ ასე გამოიჩინონ თავი“. მათი აზრით, სკოლა მხოლოდ მაშინ ჩაენაცვლება ქუჩას,თუ იქ არამარტო გაკვეთილები, არამედ მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი სხვა გასართობი ღონისძიებები და ექსკურსია- ლაშქრობებიც ჩატარდება.
აქტივობა 3 - გმირის რუკის აგება.კლასი გონებრივი იერიშის მეთოდით აგებს გმირის რუკას. პერსონაჟის ყოველი თვისება გამყარებულია ტექტური მასალით. გმირის რუკა:
იანგული- უბნის ყოჩი, 14 წლის დიქტატორი, ხულიგანი, უსაქმური, ქუჩის ტერორისტი ბიჭი, პატიოსნად მოჩხუბარი, გულწრფელი, სოხუმზე შეყვარებული.
კლასი აღნიშნავს იანგულის შინაგან პატიოსნებას. „გინება არ იყოს, ქვა არ იყოს, წაქცეულის ცემა არ იყოს“. „ვერც შენ, ვერც მე, ვერც ვენეციის მთელი გზადკეცილი-ვერ მოვერევით მამას“. „ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი“. დასკვნა ასეთია: იანგული პატიოსანი, გულწრფელი, სანდო ადამიანი იყო. მას სხვისი უპირატესობის აღიარებაც შეეძლო „შენ მე ერთი დარტყმით დამსვი“. მაშ, რად მოიხსენებენ უფროსები მას ხულიგნად, უსაქმურად, დიქტატორად? ამის მიზეზებს მოსწავლეები იანგულის ოჯახურ მდგომარეობაში,სკოლის გარეთ დარჩენაში ხედავენ, რამაც ბიჭს ქუჩისაკენ უბიძგა. გამოაქვთ დასკვნა, რომ სკოლა, მშობლები, საზოგადოება ვალდებულია დაეხმაროს ბავშვებს პრობლემების მოგვარებაში. უფროსებს ღიად ადანაშაულებენ უპატივცემულობაში და პროტესტს თავიანთი „ცუდი საქციელით“ გამოხატავენ. მოსწავლეთა შეფასებით: დისკუსია იყო ღია, გახსნილი, თავისუფალი; ცვალებადი პოზიცია მოსაზრებებისურთიერთგაზიარების შემდეგ; მასწავლებელი იყო მიუკერძოებელი, ფასილიტატორი;გამოხატეს გაკვეთილზე დისკუსიების ხშირად გამართვის სურვილი.
მასწავლებლის შეფასება: დისკუსიის მეთოდის გამოყენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებას, ანალიტიკური უნარის განვითარებას. ისინი პასუხობდნენ ერთმანეთისა და მასწავლებლის შეკითხვებს. ერთმანეთს უბიძგებდნენ თავიანთი მოსაზრების უკეთ დასაბუთებისაკენ. იყვნენ გახსნილები, კონსტრუქციულები, გამოამჟღავნეს სადისკუსიო საკითხების კარგი ცოდნა. იმსჯელეს პრობლემასა და მისი გადაჭრის საკუთარ ხედვაზე. აღმოაჩინეს პირველობისათვის ბრძოლის უკეთესი გზები.
მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: VII. 4მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონააწილეობის მიღება.VII. 7 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.











აჭარის პედაგოგთა მესამე რეგიონულ კონფერენციაზე ,,სწავლების ახალი ტექნოლოგიები და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები" წარმოდგენილი მოხსენება
პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობანი
საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებამ მაჩვენა, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებისას მრავალ ასპექტში აისახება.პირველ რიგში, იგი მასწავლებლისა და მოსწავლის წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს და ზრდის მათი კონპეტენციის მოპოვების პოტენციალსა და შესაძლებლობებს. პრობლემის იდენტიფიცირება, მის გადაწყვეტაზე ორიეტირებული სწავლება,მოქმედების ფართო არეალი, რომელიც სცილდება სკოლას, ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიება, თვისობრივად ახალი ცოდნის მიღება, პროდუქტის შექმნის მოლოდინი და სიხარული ზრდის მოტივაციას, თანაშრომლობის კულტურას, კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარს და, რაც მთავარია, განამტკიცებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობისას მიღებული უნარ-ჩვევები და ცოდნა ბევრად უფრო მყარია,ვიდრე სხვა მეთოდით მიღებული და უკეთ ემსახურება მის პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციაში.პროექტზე მუშაობისას აუცილებელია გარკვეული გამოცდილება, ასაკობრივი მზაობა და შესაბამისი რესურსების გამოყენების უნარების ფლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შერჩეული პრობლემის აქტუალობა.
გაგაცნობთ 2016 წელს მე-8 კლასში განხორციელებულ პროექტს „ხანი უნდობარი“.თემა აქტუალურია, რადგან პრობლემას იწვევს ფაქტობრივი ცოდნის ნაკლებობა უახლეს ისტორიაში განვითარებული პროცესებისადმი. (საქართველოს ანექსია და პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის განადგურება) ბავშვები დამნაშავედ რუს ხალხს მიიჩნევენ, რადგან მათ აიგივებენ რეჟიმთან. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე საქართველოში განხორციელებულ რეპრესიებთან ერთად რუსეთის რეპრესიებსაც გასცნობოდნენ, რათა მათში ტოლერანტობა და სამართლიანობა გამეღვივებინა. პროექტის იდეა სასწავლო წლის დასაწყისშივე გავითვალისწინე სამუშაო გეგმაში, თუმცა მზამზარეული არ მიმიწოდებია მოსწავლეთათვის. პროვოცირება მოვახდინე გ.ტაბიძის ლექსის შესწავლისას სტრიქონებით: “ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“ იმისთვის, რომ მოსწავლეები უკეთ გარკვეულიყვნენ ამ სტრიქონების არსში ,საჭირო იყო მეტი სცოდნოდათ საქართველოს ანექსიის, იუნკერთა გმირობისა და საბჭოთა კავშირის სისხლიანი რეჟიმის შესახებ. პროექტინიციატივაზე დისკუსიის შედეგად გადაწყდა პროექტზე მუშობა. მათ უკვე ჰქონდათ მცირე პროექტებით მიღებული გამოცდილება, საიფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. გამოიყენეს წინარე ცოდნა, კერძოდ, შესწავლილი თემები:“დაუმარცხებელი ასეული „მ.ჯავახიშვილის „დიდი იოსები“.მათ იტერესებში შედიოდა საფუძვლიანად გასცნობოდნენ შესაბამის ეპოქას, ქართველი და რუსი რეპრესირებული მწერლების ურთიერთკავშირებს, ცხოვრებასა და შემოქმედებას. დაინტერესდნენ სოფლის რეპრესირებული ოჯახის ისტორიით. ცხადია, ამისთვის საკმარისი არ იყო ერთი საგნის დისციპლინარული ცოდნა. ქართულ ლიტერერატურასთან ერთად რუსული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის მასალების გაცნობა გახდა საჭირო. პროექტმა მიიღო ინტეგრირებული ხასიათი .იგი გასცდა სასკოლო პროგრამას.
ერთად შევიმუშავეთ პროექტზე მუშობის გეგმა და მიზანი. .დავსახეთ ამოცანები და განხორციელების გზები. გავიაზრეთ სავარაუდო შედეგები. სამუშაო გავწერეთ დროში (6-კვირა). გადავწყვიტეთ, პროექტის დასასრული სიმბოლურად 25 თებერვალს წარმოგვედგინა კონფერენციით ფართო აუდიტორიისათვის. (პედაგოგებისა და უფროსკლასელებისათვის). .მოსწავლეები შეთანხმდნენ ურთიერთობის ფორმებზე, გაინაწილეს დავალებები თავიანთი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
პროექტზე მუშაობისას გამოიყენეს სხვადასხვა სტრატეგია. იღებდნენ კონსულტაციებს ისტორიისა და რუსული ენის პედაგოგებისგან. აქტიურად იყენებდნენ ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, ინტერვიუს მეთოდს. მედიარესურსების გამოყენებისას უპირატესობას დოკუმენტურ მასალას ანიჭებდნენ. .სკაიპით გაესაუბრნენ მარინა ცვეტაევას ლექსების მთარგმნელ პოეტ ჟუჟუნა ხაჯიშვილს, შექმნეს სლაიდ-შოუ პრეზენტაციისთვის, მუშაობის პროცესში ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ეძიებდნენ პრობლემის მოგვარების გზებს. გეგმავდნენ სხვადასხვა ტიპის კვლევას, ახარისხებდნენ ინფორმაციას ,აანალიზებდნენ ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს, პრობლემატიკას და მათ გავლენას მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე .კრიტიკულად აფასებდნენ თავდაპირველ წარმოდგენებს და გამოჰქონდათ სწორი დასკვნები .იყვნენ თავდაჯერებულნი, რომ შექმნიდნენ საიტერესო პროექტს, რომელიც არამარტო მათ გამოადგებოდათ ,არამედ სხვებსაც განაწყობდა მათ თანამოაზრეებად და აუმაღლებდა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემასა და ემპათას პროექტზე მუშაობისას ვატარებდი შუალედურ მონიტორინგს, ვაძლევდი რჩევებს, მითითებებს. ვახსენებდი პროექტის მიზნებსა და შეფასების კრიტერიუმებს. პროექტის პრეზენტაცია იყო შთამბეჭდავი. მათ შეძლეს არამარტო მომცველი ინფორმციის მოძიება, არამედ გამოხშირვა-ანალიზი, ქრონოლოგიურად დალაგება და წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.ფოტო და ვიდეო მასალის მიზნობრივი გამოყენებით წარმოაჩინეს სისხლიანი დღეების ისტორია, რეპრესირებულ მწერალთა ცხოვრების ტრაგიკული ფრაგმენტები, ქართველი პოეტების ლექსებთან ერთად ქართულ და რუსულ ენებზე წაიკითხეს ესენინის, პასტერნაკის, ცვეტაევას, ახმატულინას ლექსებიც.პროექტის შეფასებისას ცალკ-ცალკე შეფასდა მუშაობის პროცესი და პრეზენტაცია თვითშეფასებისას მოწავლეებმა აღნიშნეს მუშაობის პროცესში დაშვებული ხარვეზების შესახებ. პედაგოგებისა და უფროსი მეგობრებისაგან მიიღეს შექებაც და რეკომენდაციებიც.ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო ,რომ მალე დაიბადა სურვილი ახალ პროექტზე მუშაობისა.პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებას, თვალსაწიერის გაფართოებას, პრობლემის დანახვას მრავალი კუთხით. (მტერი არა რუსი ხალხია ,არამედ რეჟიმი, რომელიც ისევე გაუსწორდა თავისი ქვეყნის ინტელიგენციას ,როგორც ქართველებს) პროექტით სწავლების უპირატესობას, აგრეთვე ,წარმოადგენს 21-ე საუკუნის აუცილებელი და მრავალმხრივი კონპეტენციების, კერძოდ: თანამშრომლობის, კომუნიკაციის,ორგანიზაციის, პროდუქტის შექმნის,ცოდნის ტრანსფერის, პასუხისმგებლობის, თვითშეფასებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს მომავალში მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.











No comments:
Post a Comment